მედია
მათეNEWS - პანდემის დროს შექმნილი შოუ ინასარიძეების ოჯახში
11 წლის მათე ინასარიძემ, მამასთან და უმცროს ძმებთან ერთად, გადაცემა სახელად “მათე news” შექმნა. ინასარიძეებმა კარანტინის დროს ვირტუალური სტუდია სახლში მოაწყვეს და წამყვანის და კორესპონდენტის ფუნქციები გადაინაწილეს. გადაცემის თემებს ერთად არჩევენ. მათე ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ „მეცხრე არხის“ ერთ-ერთ გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, ჟურნალისტობის სურვილიც მაშინ გაუჩნდა.

მათე ინასარიძე გადაცემის წამყვანია, მისი შუათანა ძმა დავითი - კორესპონდენტი, ხოლო უმცროსი ძმა - ცოტნეს გადაცემაში ხან ნაცარქექიას როლს ირგებს, ხან ზღაპრის სხვა გმირის. მათეს ოცნებაა გახდეს კარგი ჟურნალისტი და ფეხბურთელი. ინასარიძეებმა პირველი გადაცემა ორი თვის წინ, კომენდანტის საათის დროს ჩაწერეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. მათ მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადაცემის მომზადებაში ოჯახის სხვა წევრებიც არიან ჩართული. ბავშვები სიუჟეტებს მშობლების დახმარებით, ორ კვირაში ერთხელ იღებენ.

„მათეnews“-ის კორესპონდენტი შუათანა ძმა დავითია. მათეს მსგავსად, მასაც ჟურნალისტობა უნდა. ამბობს, რომ უყვარს ადამიანებთან კონტაქტი. დავითი სიუჟეტების გადასაღებად მამასთან ერთად ქალაქგარეთ, ისტორიულ ძეგლებზე დადის.

ცოტნე 5 წლისაა და ს მათე news-ის ყველაზე პატარა თანამშრომელია. ინასარიძეების ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს ძალიან მოწონს საქმე, რასაც მამასთან და ძმებთან ერთად აკეთებს.

კულტურული ძეგლების სია, რომლებიც გადაცემისთვის უნდა გადაეღოთ, პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას შეადგინეს. მაშინ, როცა შეზღუდვების გამო, ყველას ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, სამი მცირეწოვანი ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს პერიოდი ნაყოფიერად და საინტერესოდ გაეტარებინათ.

ბავშვებს მამა - ზურა ინასარიძე მათე news-ის მთავარი პროდიუსერი, რეჟისორი, ოპერატორი და მემონტაჟეა. მათესა და მის ძმებს გადაცემის დაგეგმვასა და სიუჟეტების მომზადებაში ეხმარება. ვირტუალური სტუდია სახლში მოაწყო, სიუჟეტებს კი მობილურით იღებს.

კარანტინი დასრულდა და შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ინასარიძეები მათე news-ზე მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ. პირიქით, ამბობენ რომ ახლა უფრო მრავალფეროვანი გადაცემების მომზადების საშუალება აქვთ. ამ ფორმით აპირებენ, რომ რეგიონის კულტურული მრავალფეროვნება უფრო მეტ ადამიანს, განსაკუთრებით პატარებს გააცნონ.



| Print |