მედია
თავიდან იყო დაბნეულობა, ჟურნალისტებისთვის რთული დღეები ჯერ არ დასრულებულა - მაია იველაშვილი
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მედიის არა მარტო დღის წესრიგი, არამედ მუშაობის სტილი და რეჟიმიც შეცვალა. ვირუსმა, რომელიც ჯერ ეპიდემიოლოგებსაც არ შეუსწავლიათ, ქართველ ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვების პროცესში პრობლემები შეზღუდვების მოქმედების დროს შეუქმნა. მაშინ, როცა თითქმის ყველა სფეროში დასაქმებული სახლში, თვითიზოლაციაში რჩებოდა, ჟურნალისტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელდებდნენ.

მას შემდეგ, როცა საქართველო კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროების წინაშე დადგა და ქვეყანაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა, მედიაორგანიზაციებს თანამშრომლების ნაწილის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა მოუწია. ზოგი ჟურნალისტი სახლიდან, ზოგი კი რედაქციიდან მუშაობდა. გუნდი ორ ნაწილად გაიყო ახალციხის რეგიონულ ტელეკომპანიაშიც. პანდემიის დასაწყისში, სანამ ადამიანები ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას ისწავლიდნენ, მოქალაქეების ინტერესის სფერო დავიწროვდა. მაყურებელი ძირითადად, COVID19-ის გავრცელების მასშტაბებით და მიმდიარე მოვლენებით ინტერესდებოდა. ამ დროს კი, მედია სხვადასხვა უწყებებისგან ინფორმაციის ოპერატიულად მიღების პრობემის წინაშე იდგა.

პირველ ეტაპზე რთული იყო მუშაობა იმიტომ, რომ იყო უფრო მეტი პანიკა, დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიში. შემდეგ თითქოს დალაგდა ყველაფერი. ჟურნალისტის და ოპერატორის უკან იდგა ოჯახი, სადაც შესაძლოა ცხოვრობდნენ როგორც პატარა ბავშვები, ასევე პენსიონერი მშობლები. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ჟურნალისტებისთვის ჯერ არ დასრულებულა და ისევ ორმაგი სირთულის პირობებში უწევს მედიას მუშაობა. მითუმეტეს, რომ ოჯახის გარდა საზოგადოების წინაშეც გაქვს ინფორმირების ვალდებულება“, - ამბობს „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი.

აჭარის რეგიონულმა მაუწყებელმა ტვ25-მა, პანდემიის გამოცხადებისთანავე თანამშრომლები ჯგუფებად დაყო. საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, კორესპონდენტებს ერთმანეთთან ყოველდღიური შეხება არ ჰქონდათ,რაც მინიმუმამდე სწევდა ათობით თანამშრომლის ინფიცირების მაღალ რისკს. არხის პრიორიტეტი კი ვირუსის შესახებ ინფორმირებული მოქალაქები გახდნენ.

„საინფორმაციო გამოშვება გადაერთო კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ. განვითარებულ მოვლენებზე გადაცემების ფორმატები შეიცვალა, ჩვენ გვინდოდა, რომ მაყურებელი ყოფილიყო ინფორმირებული ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ, რადგან თავი დაეცვათ და ჯამრთელობას გაფთხილდებოდნენ და მეტი ინფორმაცია ჰქონოდათამ პანდემიის შესახებ“, - გვითხრა სულხან მესხიძემ.

იმის გამო, რომ მედიის წარმომადგენლებს წესების დაცვით, თუმცა მაინც უწევდათ ურთიერთობა დაინფიცირებულებთან ან მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებთან, არაერთ ჟურნალისტს მოუწია ორი კვირის გატარება თვითიზოლაციასა და კარანტინში. ერთ-ერთია „მთავარი არხის“ იმერეთის კორესპონდენტი ირაკლი ვაჩიბერაძე. მისი რესპონდენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, რომელმაც ინტერვიუდან მეორე დღეს შეიტყო, რომ კორონავირუსის მატარებელი იყო.

„დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ რადგან მე მასთან (სოფლის მეურნეობის მინისტრთან) პირდაპირი შეხება მქონდა, გადავეყვანე საჩხერის საკარანტინო სივრცეში. იქ ორი კვირა დავყავით. საბედნიეროდ კოვიდ19 არ დამიდასტურდა, რადგან ინტერვიუ ღია სივრცეში ჩატარდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს პერიოდი ძალიან ბედნიერად გავატარე იმიტომ, რომ ჟურნალისტი პატარა სივრცეში, ერთ დაკეტილ ოთახში არის საშინელება“, - ორკვირიან კარანტინს იხსენებს ირაკლი ვაჩიბერაძე.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რისკ-ჯგუფების დასახელებისას, ჟურნალისტები არ გამორჩენიათ. არაერთხელ გაჟღერდა, რომ PCR ტესტირება ჩაუტარდებოდათ მედიის წარმომადგენლებსაც. 

„მიზნობრივ ჯგუფში არიან ჟურნალისტები. ვიწყებთ სწრაფი ტესტით ჟურნალისტების გატესტვას, თუმცა ყველა საეჭვო შემთხვევაში გადავალთ PCR ტესტებზე “, - ჯერ კიდევ პანდემიამდე განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მიზნობრივი ჯგუფის ტესტირება სამცხე-ჯავახეთში არ ჩატარებულა.

ჟურნალისტები მუშაობას რეკომენდაციების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. საეჭვო კონტაქტის შემდეგ კი, ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადიან. გამოწვევები პოსტპანდემიურ პერიოდშიც გრძელდება. მედიას ახლა უკვე შეზღუდვების რთულ შედეგებზე უწევს მასალების მომზადება.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |