მედია
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება - კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ტელევიზიის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მომხდარის შესახებ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დილის პროგრამის ხელმძღვანელმა ბაჩო გურაბანიძემ დაწერა. მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. განცხადების სრულ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ.

,,2020 წლის 30 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის სამი თანამშრომელი. მათ შორის არიან, ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლები- შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გადაცემა„ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი ბაჩო გურაბანიძე. ასევე გათავისუფლებულია მემონტაჟე გუგა ქადიძე.

მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად თანამშრომელთა შორის დაპირისპირება სახელდება. თუმცა როგორც თავად ერთ-ერთი გათავისუფლებული პირი, ბაჩო გურაბანიძე განმარტავს „ეს გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ ინციდენტის გამო მიღებული. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ინციდენტში ფიგურირებს იმ აქციის თემა, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ აჭარის მაუწყებლის წინ, 26 ივნისს. შესაბამისად, [..] მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო მოტივი ჩვენი [იგულისხმება გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე] სამსახურიდან გათავისუფლების. ამისთვის გამოინახა შესაბამისი მიზეზი და დაგვითხოვეს სამსახურიდან"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |