მედია
ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსის შესახებ
1. რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და სუნთქვის პრობლემები. უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. შედარებით იშვიათ შემთხვევებში დაავადება შეიძლება იყოს სასიკვდილო.

2. როგორ დავიცვათ თავი?

ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაინფიცირების ალბათობის შესამცირებლად გააკეთეთ შემდეგი:
• თავიდან აირიდეთ ახლო კონტაქტი ავადმყოფებთან;
• თავიდან აირიდეთ თვალებზე, ცხვირზე და პირზე დაუბანელი ხელებით შეხება;
• ხელები დაიბანეთ საპნით და თბილი წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში;
• როცა საპონზე და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, გამოიყენეთ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელების სადეზინფექციო საშუალება, რომელიც, სულ მცირე, 60 პროცენტ ალკოჰოლს შეიცავს.

3. რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს?

• მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია) ჩამოსულ პირთან.
• მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 ან მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება; ან არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ დაავადებულ პირთან;

4. ახდენს თუ არა COVID-19 ვირუსი გავლენას ბავშვებზე?

ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია. იშვიათ შემთხვევაში ვირუსი ფატალურია - ძირითადად ასაკოვან ადამიანებში, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გააჩნიათ.

5. რა სხვაობაა კორონავირუსსა და გრიპს შორის?

კორონავირუსულ და გრიპის ინფექციებს აქვთ საერთო სიმპტომები, რაც ართულებს მათ დიაგნოზს სპეციფიური ტესტების გარეშე. გრიპისგან განსხვავებით, დიაგნოსტიკური ანალიზები რომელიც ადგენს კორონავირუსს არ არის ფართოდ გავრცელებული. კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება და ხველა. გრიპს კი ხშირად აქვს დამატებითი სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა: კუნთების და ყელის ტკივილი. ნებისმიერი ადამიანი ვისზეც არსებობს ეჭვი რომ დაავადებულია, ვისაც ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან, აუცილებელია გაიაროს ექიმთან კონსულტაცია.

6. უნდა ვიხმარო თუ არა სამედიცინო პირბადე?

სამედიცინო პირბადის ხმარება რეკომენდებულია, თუ გაქვთ რესპირატორული დაავადების (ხველა ან ცემინება) სიმპტომები და პირბადის ხმარება დაინფიცირებისგან სხვების დასაცავად არის საჭირო. თუ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ გაქვთ, პირბადის ხმარება საჭირო არ არის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირბადის გამოყენება აუცილებელია:
1) დახურულ საჯარო სივრცეში, დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
2) საერთო სარგებლობის ლიფტებში;
3) სავაჭრო ობიექტებში;
4) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას.

7. როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. შესაძლოა, მალევე შეიქმნას ვაქცინა, რაც ხელს შეუშლიდა ეპიდემიის გავრცელებას.

არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირუსი თანდათანობით არსებობს ასევე შესაძლებლობა, რომ ის ცირკულაციაში მყოფ ვირუსად გადაიქცეს, რომელიც დროგამოშვებით ემართებათ ხოლმე ადამიანებს. რამდენად იმსახურებს ეს ფაქტი ღელვას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშიში აღმოჩნდება კორონავირუსის 2019-nCov სახეობა.

8. რა შემთხვევაში ხდება მოქალაქე კარანტინში და რა შემთხვევაში თვითიზოლაციაში?

თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, პირი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ. სხვა შემთხვევაში გადაყვანა მოხდება შერჩეულ საკარანტინო სივრცეში.

9. ვინ ფარავს კარანტინის ხარჯებს?

საქართველოს მოქალაქეების შემთვხევაში- სახელმწიფო, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

10. დაიწყება თუ არა სწავლა სექტემბერში?

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება. დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან განახლდება. ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს. სასწავლო პროცესი ასევე გადადებულია ბათუმსა და ქობულეთში. დანარჩენ რეგიონებსა და ქალაქებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს.

11. უნდა გავუშვა თუ არა ბავშვი სკოლაში?

თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება სიმპტომები, მიმართეთ სამედიცინო პირს და მიჰყევით ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს. სხვა მხრივ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რესპირატორული დაავადების (მაგალითად, გრიპის) დროს, სიმპტომების სრულ გავლამდე ბავშვი უნდა იყოს მოსვენებული სახლში და არ უნდა გადიოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რომ არ მოხდეს დაავადების სხვებზე გავრცელება.

თუ თქვენს ბავშვს არ აქვს სიმპტომები - მაგალითად, მომატებული ტემპერატურა ან ხველა - და იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების ან სხვა პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიერ არ გაკეთებულა განცხადება, რომელიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, უმჯობესია, ბავშვი გაუშვათ სკოლაში.

12. რა შეზღუდვები დაწესდა საქართველოში?

ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ზომები გამკაცრდა. კერძოდ:

• 10 სექტემბრიდან ქორწილების, ქელეხების, იუბილეების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა კვლავ იკრძალება.
• თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადავადდა. აღნიშნული ობიექტები 15 სექტემბრიდან უნდა გახსნილიყო.
• 10 სექტემბრიდან სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200 ადამიანზე მეტი მონაწილეობს, იკრძალება. 200 კაციანი შეზღუდვა საარჩევო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.
• 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
• ასევე, მიმდინარე წელს „თბილისობა“ არ გაიმართება.

13. ვინ მიიღებს 200 ლარიან დახმარებას და როდემდე გრძელდება რეგისტრაცია?

ნულიდან 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას. რეგისტრაცია გრძელდება დეკემბრამდე.

14არსებობს ინფორმაცია, რომ კვლავ დაიკეტება სავაჭრო ცენტრები, საჭიროა თუ არა საკვები პროდუქტების მომარაგება?

სავაჭრო ცენტრებისა და სხვა ობიექტების დაკეტვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. საკვებისა და წყლის მომარაგება ყოველთვის არის მიზანშეწონილი, თუმცა ეს ახალი რეკომენდაცია არ არის.

15. როდის აღდგება საქართველოში რეგულარული ფრენები და სად შეგვიძლია ვიმოგზაუროთ?

საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენა კიდევ ერთხელ, ამჯერად 31 ოქტომბრამდე გადაიდო.შეზღუდვა კვლავ არ ვრცელდება ფრენებზე პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით. ამასთან, გაგრძელდება მთავრობასთან შეთანხმებული ჩარტერული და სპეციალური რეისების განხორციელება.
| Print |