მედია
პანკისის რადიო შესაძლოა ოფისის გარეშე დარჩეს
პანკისის ხეობაში, იმ მიზნით, რომ რადიო ოფისის გარეშე დარჩეს, ადგილობრივი ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს გაყიდოს შენობა, რომლის მცირე ნაწილშიც რადიოსტუდიაა განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, 7 ოქტომბერს, ახმეტის საკრებულო მხოლოდ ამ საკითხის განსახილველად იკრიბება.

"ჩვენ მოვიპოვეთ საკრებულოს 2020 წლის 7 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი და განკარგულების პროექტი. დოკუმენტების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას პირობიან აუქციონზე გასაყიდად გააქვს სოფელ დუისში, ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ნაწილი, მათ შორის ის მცირე ფართიც, სადაც 2015 წლიდან, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პანკისის სათემო რადიო მუშაობს.

სავარაუდოდ, სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობისგან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია უპრობლემოდ მიიღებს თანხმობას, მის საკუთრებაში ამ დრომდე შემორჩენილი შენობის პრივატიზების შესახებ"
- ნათქვამია სათემო რადიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ხელისუფლებას „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებზე რეაგირებას კიდევ ერთხელ სთხოვს. კოალიციაში აცხადებენ, რომ მთავრობა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები.

"კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, რათა დროულად შეჩერდეს „პანკისის სათემო რადიოს“ გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები" - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |