მედია
2020 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 42 ჟურნალისტი მოკლეს
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს, - ამის შესახებ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით 235 ჟურნალისტი აღმოჩნდა ციხეში.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში მოკლეს, მეორე ადგილზეა პაკისტანი, მესამეზე -ავღანეთი, რომელსაც ინდოეთი, ერაყი და ნიგერია მოჰყვებიან.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“, რომელსაც მსოფლიოს 150 ქვეყანაში 600 000 წევრი ჰყავს, ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღრიცხავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული წლების განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, 2 658 ჟურნალისტია მოკლული.


interpresnews.ge
| Print |