მედია
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში ჟურნალისტები გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში Местные Вести-ს ჟურნალისტები და MV ჰოლდინგის თანამშრომლები გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ Местные Вести ავრცელებს. ინტერნეტ გამოცემის ცნობით, შეიარაღებული პირები მივიდნენ მათ სახლებში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც Местные Вести წერს, რუსები ამ გზით მათთან თანამშრომლობის მიღწევას ცდილობენ.

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, MV-ის რედაქცია მუდმივ კავშირშია მკითხველთან, აშუქებს მელიტოპოლსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და პროუკრაინულ პოზიციას იკავებს. ქალაქში ოკუპანტების გამოჩენის მომენტიდან, მოსალოდნელი იყო ზეწოლა ჟურნალისტებზე და თანამშრომლებზე. და დღეს ეს მოხდა," - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც გამოცემა იუწყება, რამდენიმე საათში ოკუპანტებმა სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, თუმცა უცნობია რა ბედი ეწია ჰოლდინგის მფლობელსა და გამომცემელს მიხაილ კუმოკს.

Местные Вести-ს რედაქცია ქალაქისა და ქვეყნის ხელმძღვანელობას, უკრაინული და მსოფლიო მედიის კოლეგებს, მელიტოპოლის მედიის წარმომადგენლების დასაცავად მხარდაჭერას სთხოვს.
| Print |