მედია
როგორ გადანაწილდა პოს ტვ-ის წილები და რატომ დაირღვა კანონი
უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 პროცენტს ყიდულობს. ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომლის თანაგუნდელიც გახდა ვიქტორ ჯაფარიძე.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 პროცენტი. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა სოზარ სუბარმა.

საჯარო რეესტრში ცვლილებები ჯერ ასახული არ არის, თუმცა ჩანს არხის წილების გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, არხის 1-პროცენტიანი წილი 10 ათას ლარად შეფასდა, ანუ ჯამში ვიქტორ ჯაფარიძეს 520 ათასი ლარის გადახდა მოუწია.

ცვლილებების შემდეგ არხის წილები ასე გადანაწილდება:

ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;

შალვა რამიშვილი - 24%;

თემურ ჭარელაშვილი - 24%.

მეწილეები აღარ იქნებიან ნუგზარ რუხაძე, ზვიად ბლიაძე, ანა შენგელია, ვახტანგ კომახიძე. 

წილების ცვლილებამდე Pos TV ეკუთვნით:

ნუგზარ რუხაძეს - 16%;
ზვიად ბლიაძეს ("ზვიო") - 16%;
შალვა რამიშვილს - 24%;
ანა შენგელიას - 8%;
ვახტანგ კომახიძეს - 8%;
თემურ ჭარელაშვილს - 28%.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით აკრძალულია, რომ საჯარო მოხელეს, ამ შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატს, ეკუთვნოდეს ტელეკომპანიის წილები - (მუხლი 37) "მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე".

საქართველოს კანონმდებლობით, ტელევიზიის წილის ცვლილების შესახებ კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს - ამ შინაარსის განცხადება კომისიაში შესული არ არის.
| Print |