მედია
ტელევიზიებში სარეკლამო ბაზარი სერიოზული პრობლემაა, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა - ლაშა ტუღუში
სერიოზული პრობლემაა სარეკლამო ბაზარი. ხალხს ეშინია კრიტიკულ ტელევიზიებში ფულის ჩადება. ოპოზიციურ ტელევიზიაში რომ ფული ჩადო, „კამიკაძე“ უნდა იყო. რისკავენ მხოლოდ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესები, ეს არ არის ბიზნესლოგიკა, ეს არის სხვა ლოგიკა, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც ტუღუშმა ტელევიზიების დაფინანსების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ბევრად მეტი ფული იტრიალებდა მედიებში, რომ არ იყოს პარტიული წნეხი.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი სურათია, გარკვეული თვალსაზრისით ეს ადრეც ასე იყო, თუმცა, უფრო დაბალანსებული ვითარება იყო ხარჯებსა და შემოსავლებს შორის. ახლა ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, გართულდა და პარტიული გავლენები, მგონი, გაიზარდა. პირველ რიგში, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი პოლიტიკური ელიტების, რომლებსაც როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენიათ მედიის თავისუფლება და ყველა ბერკეტს იყენებენ, რომ მედია დაიქვემდებარონ. ჩვენთან რაც ხდება, ეს არ ხდება დასავლეთში. სარეკლამო ბაზარი სერიოზული პრობლემაა. ჩვენ კონცეპტუალურად უნდა ვიმსჯელოთ - რა პოლიტიკურ სისტემაში გვინდა ცხოვრება“, - განაცხადა ტუღუშმა.

მედიაექსპერტის შეფასებით, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ „ელიტები უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე, მათ შორის პოლიტიკურ თამაშის წესებზეც“.

„დაფინანსების რა წყაროებია - ერთია სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც ყველგან არსებობს, მეორეა - რეკლამა და მესამეა - მესაკუთრე, რომელიც თავისი ჯიბიდან დებს ამ ფულს. მედია ვალდებულია დაფინანსების წყაროები დაასახელოს. მარტივი მოკვლევა რომ ჩაატარონ „იმედის“ შემთხვევაში, დაფინანსების 72 მილიონი საიდან მოვიდა, ადვილად გამოსაკვლევია - ეს არის ვიწრო წრე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ძალასთან, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ეს არის ხელისუფლება. გამოსავალი რა არის? - ევროპაში დიდ მედიებს არა მესაკუთრეები, არამედ სააქციო საზოგადოებები ფლობენ. ერთი ვიღაცის ხელში არ არის მედია და ის ტვინით და სხეულით არ არის პოლიტიკურ პარტიასთან მიბმული. ეს ხდებოდა წინა საუკუნის 50-იან წლებში. ამას არ ჰქვია დემოკრატიულ სისტემაში მოქმედი მედია, არ შეიძლება ფლაგმანი იყოს ასეთ ფორმაში. ეს ცუდია, მათ შორის ამ ტელევიზიისთვის არის ცუდი, საზოგადოებისთვის არის ცუდი, იმ პარტიისთვის არის ცუდი. ყველასთვის ცუდია. ჩვენ არ ვართ იმ ვითარებაში, რომ აქედან ვერ გამოვიდეთ, უბრალოდ, სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ“, - განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს მოგება არცერთს არ ჰქონია, ხოლო ყველაზე დიდი - 74.4 მილიონი ლარის ზარალი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

ამავე წელს ასევე დიდი ზარალი განიცადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა - მისი შემოსავალი 15 365 863 ლარი იყო, ხარჯი 57 818 148 ლარი, ზარალი კი 42 452 285 ლარი.

„მთავარი არხის“ შემოსავალმა 2020 წელს 11 624 142 ლარი შეადგინა, ხარჯი 29 197 737 ლარი იყო, ხოლო ზარალი 17 573 594 ლარი.

ტელეკომპანია „პირველის“ 2020 წლის შემოსავალი 6 887 019 ლარია, ხარჯი 8 828 283, ზარალი კი 1 941 264 ლარი.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, აღნიშნულ პერიოდში მისმა შემოსავალმა 4 846 185 ლარი შეადგინა, ხარჯი 39 309 348 ლარი იყო, ზარალი კი 34 463 163 ლარი.

კვლევის მიხედვით,კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი მცირედით, 1.3 მლნ ლარით (1%) გაიზარდა და 139.8 მლნ ლარი შეადგინა. „კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებულ თანხას წარმოადგენს.

ჯამურ შემოსავალში, ასევე, სოლიდური ნაწილი, 17.2 მლნ ლარი მოდის „მაუწყებლის მფლობელის შემოწირულებაზე“, სადაც 8.8 მლნ ლარი „მთავარი არხისთვის“ შეწირული თანხაა, 5.8 მლნ ლარი - „სილქ მედიასთვის“, 1.3 მლნ ლარი - საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“, 0.6 მლნ ლარი- „ალტ ინფოსთვის“ და 0.3 მლნ ლარი - „ობიექტივისთვის“.

„სხვა სამაუწყებლო“ შემოსავლებიდან 14 ტელევიზიებმა 5.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 4.5 მლნ ლარი „აჭარასპორტ.ტვ“ ანგარიშზე მოდის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

შეგახსენებთ, ეს არის 2021 წლის მონაცემები. ამ პერიოდში ტელევიზიებს შემოსავლის დიდი ნაწილი ჰქონდათ ონლაინ კაზინოების რეკლამიდან. ამ სფეროში 2022 წლიდან ამოქმედებული სარეკლამო რეგულაციების შედეგად, სავარაუდოდ, ტელევიზიები კიდევ უფრო მეტად ზარალიანი იქნებიან.
| Print |