მედია
შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას - აშშ ,,აგენტების" კანონპროექტზე
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს. ნედ პრაისის თქმით:

„გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას.

შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]"
- განმარტავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც "ქართული ოცნებიდან" გასულ დეპუტატთა მოძრაობამ "ხალხის ძალა" მოამზადა "უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნისა და მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის შესახებ". ინიციატორების თქმით, საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც მედიაში სიცრუის გავრცელებას უწყობენ ხელს, მათი ინიციატივა კი ასეთი ორგანიზაციების საქმიანობის რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

,,კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. 

ამისთვის შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან"
, – აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად შედგენილია აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

"ხალხის ძალის" წევრების თქმით, თუ ამერიკა ვინმეს ეხმარება, ეს ენჯეოები და საკუთარი აგენტებია. ინიციატორის დეპუტატების თქმით, უცხო ქვეყნიდან ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს.
| Print |