მედია
პარლამენტში, "უცხოეთის აგენტის" მეორე ვარიანტიც დარეგისტრირდა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე "რუსული კანონის" მეორე ვარიანტიც დაარეგისტრირა. ინიციატივას ჰქვია - "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც განსახილველად კომიტეტებს გადაეცათ.

აღნიშნული კანონპროექტიც "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულმა დეპუტატებმა დააინიცირეს. მათი მტკიცებით, ის ამერიკული კანონის ანალოგია.

"ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ როგორც ალტერნატიული ვარიანტი, ეს არის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი. ეს დავარეგისტრირეთ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს ეს ორი კანონპროექტი თვალნათლივ კომიტეტებზე მოსმენის დროს შეადაროს და დარწმუნდეს, თუ რაოდენ სჯობს ჩვენს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვარიანტი"
, - თქვა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, დეპუტატი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნება" ორივე კანონპროექტს მხარს პირველი მოსმენით დაუჭერს, მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას დასკვნის დაჩქარებულად წარმოდგენას სთხოვენ, რის შემდეგაც პარლამენტში მსჯელობა იმ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომლის თაობაზეც კომისიას დადებითი შეფასება ექნება.

,,ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში საკომიტეტო მოსმენები შედგება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა. პირველი მოსმენით მიიღება ქართული ვერსიაც და ამერიკულიც, შემდეგ ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დაჩქარებული წესით ვითხოვთ დასკვნის წარმოდგენას, სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება.

თუ დადებითი დასკვნა იქნება ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ ქართულთან დაკავშირებით იქნება დადებითი დასკვნა, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით, ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა, შეიძლება ცალკეული კომენტარები იყოს ერთ, მეორე ან ორივე კანონთან დაკავშირებით, რაზეც მსჯელობა გვექნება, მაგრამ აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს.

შესაძლოა მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ვენეციის კომისია, პოლიტიკური ორგანო არ არის, სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულებაა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მითუმეტეს, აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე“
,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტში მედიის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ. ასევე, დღეს 60-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, "აგენტად" რეგისტრაციაზე უარს ამბობენ.
| Print |