მედია
"თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, ეს სამოქალაქო საზოგადოების მკვლელობის ტოლფასია" -გიორგი ტუმასიანი
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრმა გიორგი ტუმასიანმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს, შეხვედრაზე ე.წ. “აგენტების” შესახებ კანონის განმარტება სთხოვა და ჰკითხა თუ რა ბედი ეწევათ იმ ეთნიკური უმცირესობების მიერ შექმნილ ორგანიზაციებს და მათ თანამშრომლებს, რომლებიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან. 

კითხვაზე ახვლედიანმა პასუხის გაცემას თავი აარიდა და თქვა, რომ კანონპროექტს არ იცნობს და მასზე კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან არ იქნება ობიექტური და კომპეტენტური. სახელმწიფო მინისტრმა ასევე თქვა, რომ ღელვის საფუძველი არ არსებობს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ხალხის სასიკეთოდ იქნება მიღებული.

გთავაზობთ გიორგი ტუმაიანის პოსტს:

,,დღეს გაიმართა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შეხვედრა “სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის 2023-2024 წლების სახელმწიფო სტრატეგიის” განხილვის მიზნით. მქონდა საშუალება, კითხვა დამესვა სახელმწიფო მინისტრისთვის:

ქალბატონო მინისტრო, ჩემი მეორე კითხვა არის ე.წ. “აგენტების” შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ხელისუფლებამ პრაქტიკულად, მმართველმა ძალამ წარადგინა. დღეს აქ, ამ დარბაზში არის ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა წარმომადგენელი ორგანიზაცია და როგორც მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციების უმრავლესობას, ძალიან დიდ ნაწილს, აქვს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან, ჩვენი სხვა დასავლელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, პრაქტიკულად აქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა გამოცხადდება “აგენტებად” და, პრაქტიკულად, ეს სამოქალაქო საზოგადოების მკვლელობის ტოლფასია, განსაკუთრებით თქვენ რაც გეხებათ: ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების და, ასევე, შერიგების მიმართულებით, რადგან იქაც ძირითადი დონორი სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მიპასუხა, რომ რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონი, იცით რომ ეს უფრო საკანონმდებლო სივრცეს ეხება, ინიციატორებთან და პარლამენტის წევრებთან ჯობია განიხილოთ სიღრმისეულად, თუმცა ბუნებრივია, მე ვარ მთავრობის წარმომადგენელი, გუნდის წევრი, რა თქვა უნდა მე მაქვს ჩემი მოსაზრებაც, პოზიციაც, შეიძლება ეს პოზიცია გუნდისგან არ განსხვავდებოდეს მაგრამ ჩემი განმარტება არის ჩემი განმარტება.

მინდა გითხრათ, რომ სიღრმისეულად მე ნამდვილად არ ვიცნობ არც სახელწოდებას ამ საკანონმდებლო ინიციატივის, იმიტომ რომ განხილვები მიმდინარეობს, ჩვეულებრივი პროცესია, თუკი თქვენ გაქვთ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, ასევე აქვს საზოგადოების სხვა წევრებსაც, ამიტომ გამოხატეს ინიციატივა და როგორც ვიცი, მიმდინარეობს მსჯელობა განხილვები.

მე ნამდვილად მჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფოს, მისი ეროვნული ინტერესების და ხალხის საწინააღმდეგო არაფერი იქნება მიღებული. თქვენ რაზეც დარდობთ, ეს დარდი თუ საფუძვლიანია, მაშინ მე უნდა ვიდარდო ამაზე და არა თქვენ, ზუსტად იმიტომ რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ მე არათუ არ ვდარდობ, მე მწამს და მჯერა რა და რა ფორმითაც იქნება მიღებული ან არ მიღებული, რა განვითარებაც იქნება, მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხალხის და ჩვენი ეროვნული ინტერესების სასიკეთოდ. ამ კანონს მე არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. რაც ვიცი განხილვების დროს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და არანაირ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ამიტომ ვფიქრობ რომ თქვენ ალბათ უნდა იყოთ მშვიდად, იმიტომ რომ თქვენი სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება როგორიც იყო თავისუფალი, ასევე არის და დარჩება და თქვენი მოღვაწეობის თავისუფლება, როგორიც იყო ასევე არის და დარჩება თავისუფალი, მჯერა”
- წერს გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში.
| Print |