მედია
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტთან უმრავლესობის დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობენ
საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ, ე.წ. სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

ამის შესახებ მათ აქციაზე განაცხადეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, როდესაც კომიტეტის სხდომა დასრულდება, პარლამენტის სამ გამოსასვლელთან დაიყოფიან და სირცხვილის კორიდორს მოაწყობენ.

"ჩვენ არ დავიშლებით, არ დავიძინებთ და საქართველოს გავათავისუფლებთ", - აღნიშნა მან.

ადგილზე აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ კანონს".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.
| Print |