მედია
"ის არის რუსული კანონის მსგავსი" - ჯინ შაჰინი

აშშ -ს სენატორი ჯინ შაჰინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი არ ჰგავს შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონს, ის არის რუსული კანონის მსგავსი.

"საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი არ ჰგავს შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონს, ის არის რუსული კანონის მსგავსი. მსგავსი კანონია მიღებული რუსეთში და ჩვენ ვიცით, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

ის არაა თანხვედრაში სტანდარტებთან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის უკუსვლაზე, ჩვენ ამასაც ვგულისხმობთ."
- აცხადებს შაჰინი.


შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

| Print |