მედია
"თქვენი დახმარებით სინაგოგას სათვალთვალო კამერა აქვს" - სიმონ ლევიშვილი

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონპროექტს, რომელიც ხალხის ძალამ წარადგინა და პარლამენტში უკვე დაინიციირდა. პროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პროექტი ასევე ითვალისწინებს უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებას ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებთა შორისაა ტელეკომპანია "მეცხრე არხიც", რომელიც 1998 წლიდან რეგიონს და ქალაქს ემსახურება. ტელეკომპანიის მიერ მომზადებული მასალები არაერთხელ დახმარებია მოსახლეობას, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში.

მათ შორის ერთ-ერთია ახალციხის უძველესი სინაგოგა, სადაც 2020 წელს სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს. ვიდეოკამერები ებრაულ სალოცავს კეთილისმსურველებმა უსასყიდლოდ გადასცეს.

მოქალაქეებმა სინაგოგის დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც "მეცხრე არხმა" სალოცავის საჭიროებაზე სიუჟეტი მოამზადა. პანდემიის დროს დაცარიელებული სინაგოგა რომ შესაძლო კრიმინალის ობიექტი არ გამხდარიყო, მეთვალყურემ სიმონ ლევიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიას ვიდეოკამერებისთვის თანხის გამოყოფა სთხოვა, თუმცა, ორთვიანი ლოდინის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |