მედია
ეს არის რუსული კანონი" - იურიდიულ კომიტეტში "უცხოეთის აგენტების" განხილვა ვერ იწყება
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც დღეს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების განხილვაა დღის წესრიგით გაწერილი, ხმაური და დაპირისპირებაა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ორჯერ გამოაცხადა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო ტექნიკური შესვენება, გაფრთხილება მისცა ათამდე დეპუტატს და საბოლოოდ მანდატურებს სთხოვა დარბაზი დაეტოვებინათ ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ვაშაძეს.

"ეს რუსული კანონია", "დასახელება შეგეშალათ," მომხსენებელი იტყუება, ეს რუსული კანონია" - ისმოდა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები. პარლამენტარებს შენიშვნები ჰქონდათ რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებითაც.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა, თავს დაესხნენ.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ხელისუფლება რუსულ ინტერესებს იცავს.

„ელემენტარულ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ჩვეულებრივი რუსები არიან თავიდან ბოლომდე. მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს, ძალით გამომიყვანეს. რუსული კანონის მიღება უნდათ, იცავენ რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, ასეთი ნაძირლები არიან. ეს საზიანოა საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ მათ საქართველოს არ დავუთმობთ, ხომ ხედავთ როგორი მშიშრები და ლაჩრები არიან, სპეცსამსახურების ზურგს უკან იმალებიან და აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა - ასე თავხედურად რუსულ ინტერესებს იცავდეს პოლიტიკური ძალა, ამის პრეცედენტი არ ყოფილა.

რუსული კანონის შინაარსში არ უნდა შეხვიდე, როცა კანონი რუსულია და ამას მთელი მსოფლიო გეუბნება, კონსტიტუციაში გიწერია, რომ ევროკავშირი, ნატო გინდა და გეუბნებიან, თუ რუსულ კანონს მიიღებ, ევროკავშირს და ნატო-ს დაშორდებიო, ასეთ შემთხვევაში შინაარსში არ უნდა შეხვიდე. ეს არის რუსული კანონი, ყველა, ვინც მხარს დაუჭერს, რუსეთის ინტერესების გამტარებელია და ყველა პასუხისმგებლობაში მიეცემა"
- აღნიშნავს ვაშაძე.
| Print |