მედია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი გააძევეს. დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე, პარლამენტის წევრები, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თაკო ჩარკვიანი.

"დღეს, ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ სიმშვიდეში, ჩვენი გამოძევებით, მიიღებს კანონს, რომელიც საქართველოს არათუ დემოკრატიას, დამოუკიდებლობას ასამარებს.

დღეს, ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის სპეცსამსახურების თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს, რომლითაც ჩვენ მომავალს გვართმევენ.

ჩვენ ვიცავდით პროცედურებს, პატიოსნად ვსაუბრობდი იმაზე, რომ კანონი არის ცუდი, გამითიშეს მიკროფონი და მითხრეს, გაგაძევებთო",
- თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

სხდომა ხმაურისა და პერიოდულად, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე გამოაცხადა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო ტექნიკური შესვენება.
| Print |