მედია
ის დროა, როცა ვიღაცის დაპატიჟება არ გჭირდება - ახალციხელები პარლამენტთან გამართულ აქციას შეუერთდნენ

პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალციხიდანაც შეუერთდნენ. სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტებს აპროტესტებენ, რომელთა განხილვა დღეს იმართება.

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე ფიქრობს, რომ ,,რუსული კანონით" ქართული ხმის ჩახშობა უნდათ.

,,ამ კანონით ცდილობენ გააკონტროლონ ყველაფერი რაც დასავლურია და უნდათ ჩაახშონ ის ხმაც, ვინც რაღაცას აპროტესტებს ამ ქვეყანაში. როგორც დაჭირდება ქვეყანას, ისე მოვიქცევით, თუ თვითონ არ დაიღლებიან, არც ჩვენ დავიღლებით. ყველაზე მეტად პროტესტის გამომხატველი ახალგაზრდები არიან. ეს ის დროა, როცა ვიღაცის დაპატიჟება არ გჭირდება. შენმა გულმა და ქვეყნის სიყვარულმა უნდა გიკარნახოს, რომ გასაპროტესტებლად მოხვიდე“

სამოქალაქო სექტორის განმარტებით, კანონი ეხება ყველა იმ პირსა თუ სექტორს, ვინც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. 

,,მთავრობა ცდილობს შეგვათრიოს იქ, საიდანაც თავის დაღწევას 30 წელზე მეტია ვცდილობთ, აქ ვდგავართ ის ხალხი, ვისაც მიგვაჩნია, რომ ოთახებში და თბილ კაბინეტებში ჯდომის დრო არ არის. უნდა გავაპროტესტოთ და ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არ არის რუსეთი. ახლა, ვითარება მშვიდია და იმედი მაქვს, რომ ამ პროტესტს ექნება შედეგი“
- ამბობს ჯაბა ნათენაძე.
| Print |