მედია
სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს მიზანმიმართულ საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედია და მესამე სექტორი ავრცელებს.

,,მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული რეესტრი, რეალურად გასაუქმებელი ორგანიზაციების რეესტრს გულისხმობს, რადგან ამ კანონის მიზანი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებაა. შესაბამისად, რუსული კანონის მიღება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დახმარება ვეღარ გაეწევათ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უმცირესობების ჯგუფებს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს, დევნილებს, პატიმრებს, ხანდაზმულებს, რომ აღარ იარსებებს სივრცე, სადაც ადამიანები თავისუფლად აზრის გამოხატვას შეძლებენ, ვეღარ მიაწვდიან ხმას მაღალმთიან სოფლებში მცოხვრებლები შესაბამის უწყებებს.

უცხოური დაფინანსების გარეშე ვერ გადავარჩენდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვერ დავაგებდით გზებს, ვერ ავაშენებდით სკოლებს და საბავშვო ბაღებს. განუზომელია დონორების როლი სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროებშიც, ამიტომ ამ კანონის მიღება ასიათასობით საქართველოში მცხოვრებ ადამიანს დიდ ზიანს მიაყანებს და კიდევ ურფო გაზრდის მიგრაციას.

რუსული კანონის მიღება, ავტომატურად გამოიწვევს საქართველოდან დონორი ორგანიზაციების გადინებას, ერთგვარი იზოლაცია კი, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც მოკლავს კრიტიკულ აზრს, თავისუფალ სიტყვას და დემოკრატიას.

მოგიწოდებთ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ მაჟორიტარ დეპუტატებს, არ დაუჭიროთ მხარი ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

გახსოვდეთ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ (მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტერგრაციის უზრუნველსაყოფად“
.
| Print |