მედია
"ამ კანონის მარწუხები ყველას მიწვდება, თითოეულ ადამიანს" - თამუნა უჩიძე

ეს კანონპროექტი არის ლაკმუსის ქაღალდი, თუ ვის განიხილავს სახელმწიფო მტრად და ვის მოკეთედ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთიდან შემოსული თანხა ბრუნავს ქვეყანაში. ამ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი აქვს, მიმართულია მხოლოდ კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, ეს გზა გაიარა რუსეთმა სწორედ, დღეს იქ ვერ ნახავთ კრიტიკულ და თავისუფალ აზრს - განმარტავს თამუნა უჩიძე, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" - სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი. 

უჩიძე იმედოვნებს, რომ საზოგადოების ძლიერი პროტესტი შეძლებს იმას, რომ დეპუტატებმა უარი თქვან ე.წ. ,,უცხოეთის გავლენის აგენტის" კანონის მიღებაზე. 


,,ვინც ჩამოვედით ახალციხიდან, ვუერთდებით ამ პროტესტს და იმედი გვაქვს, რომ იქნებ ეს კანონი არ მიიღონ. რადგან, თუ ამ კანონს მიიღებენ, ვერც სამოქალაქო სექტორი და ვერც მედია ვეღარავის დაეხმარება. მათ შორის ვერც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უკანონოდ გათავისუფლებულ მოქალაქეებს და ა.შ. სამოქალაქო სექტორს აღარ ექნება ამის შესაძლებლობა, მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ვეღარ მიაწვდის მედია ხმას.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ დასავლეთის ფულით იგება გზები, რეაბილიტირდება ტაძრები და კულტურული ძეგლები და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, კანონის მარწუხები ყველას მიწვდება, თითოეულ ადამიანს“
- განმარტავს თამუნა უჩიძე.


| Print |