მედია
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნების აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ამის შესახებ მან ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ღარიბაშვილმა პროტესტში მონაწილე ადამიანებს, ოპოზიციას მოუწოდა, რომ "მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია" და "სულ ტყუილად ირჯებიან".

"ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ეს მინდა გითხრათ. მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ბრძენია.

ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა... ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია ["ნაციონალური მოძრაობა"], რომ მათი ტელევიზია პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი",
- თქვა ღარიბაშვილმა.
| Print |