მედია
"ეს კანონპროექტი რუსულია" - კელი დეგნანი

აშშ -ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციირებულ კანონპროექტს, "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, გამოეხმაურა და აღნიშნა, ეს კანონპროექტი რუსულია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარება გააგრძელონ.

"ეს კანონპროექტი რუსულია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარება გააგრძელონ.

მაგალითად, ეს კანონი ხელს შეუშლის ორგანიზაციებს, რომლებიც შშმ პირებს ეხმარებიან სხვადასხვა საკითხებში. ხელს შეუშლის ასევე, სამედიცინო კვლევებს, რომლებიც დონორების დახმარებით ხორციელდება.

ხელს შეუშლის ტურიზმის, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებსა და ნებისმიერ სხვა საკითხზე მუშაობენ. სია ნამდვილად ძალიან გრძელია"
. - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:

  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
| Print |