მედია
შსს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის დაკავებას ადასტურებს
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით, დააკავეს. მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა)და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დარღვევას.

პარლამენტის შენობასთან აქცია, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა დღის წესრიგში შეეტანა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ.

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმების ახალი ჯგუფები გამოჩნდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.
| Print |