მედია
პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა
საქართველოს პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიაზე რჩებიან მხოლოდ სამართალდამცველები.

პარლამენტის შენობის კედელზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერები აქვთ დატოვებული, მათ შორის, „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“.

დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

| Print |