მედია
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, არაქართულენოვანი სკოლების კონსულტანტ-მასწავლებლები საკუთარ ვალდებულად მივიჩნევთ გამოვხატოთ მკაფიო პოზიცია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე, რომელიც პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტმა.

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს აშორებს ევროპას და ჩვენი ქვეყნის ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერის სურვილს უკარგავს დასავლელ პარტნიორებს.

მიგვაჩნია, ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ კურსს, უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის დასავლურ არჩევანს.
დღეს საქართველოს ჰყავს ერთადერთი გაცხადებული მტერი - რუსეთი, რომელიც 21-ე საუკუნეში აწარმოებს დაპყრობით ომებს და საფრთხეც მუდმივად ამ ქვეყნისგან მომდინარეობს.

ამიტომაც, უნდა გავუფრთხილდეთ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ჩვენი მოქალაქეების უფლებების შემზღუდავ კანონზე, რომ: „თუ ხელისუფლება მიიღებს აღნიშნულ კანონს, საქართველო დაშორდება ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას!“...
ახლა და ამ მოცემულობის გათვალისწინებით ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად! მოვითხოვთ, შეაჩეროთ კანონის მიღების შემდეგი მოსმენები და მოიძებნოს სამართლებრივი მექანიზმები მის გასაუქმებლად.

ასევე, როგორც მასწავლებლები, ვგმობთ პარლამენტთან მიმდინარე დარბევას და კატეგორიულად მოვითხოვთ ადამიანების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

არა - ანტისახელმწიფოებრივ კანონს!"
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |