მედია
დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ნაწილი თბილისის პოლიციის სამმართველოში მოინახულა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, დაკავებულებიდან რამდენიმე ადამიანი აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. სახალხო დამცველი ასევე საუბრობს იმ დაზიანებებზეც, რომელიც რამდენიმე პირს აქვს.

„ყველა დაკავებული მოვინახულე, ვინც აქ იმყოფება. 25 ადამიანი არის დაკავებული, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი, მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მათი დაკავება მოხდა. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანება აღენიშნება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი, ამას გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ პირობებში იყვნენ დაკავებული, მოულოდნელად, რადგან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან, ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, თქვა - მტაცეს ხელი და მანქანაში ჩამსვესო.

ყველა დაკავებულს პირადად გავესაუბრე, ყველა დაკავებულმა პირადად აღმიწერა რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. იქ არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ“,
- განაცხადა იოსელიანმა.
| Print |