მედია
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები არიან, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბიუროს სხდომა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროზე თქვა, რომ ავტორებისგან ცნობად მიიღეს მიმართვა იმ კანონპროექტის "გამოთხოვასთან" დაკავშირებით, რომელიც ეხება ამერიკული კანონის თარგმანს და ასევე ცნობად იღებენენ მიმართვას ავტორებისაგან, რომ გაწვეული იყოს პირველი ვერსიაც - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა ჰქონოდა, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნებოდა დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებოდნენ, გენერალური პროკურორისთვის მიემართათ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვათ.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ ეხებოდა უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის 7-8 მარტს, დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს. აქციაზე დაკავებული მოქალაქაეების გათავისუფლება იყო ასევე გუშინდელი პროტესტის ერთ- ერთი მოთხოვნაც.

გთავაზობთ, ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა „უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს ფრაქციების მიხედვით:

წინააღმდეგი:

ნაციონალური მოძრაობა - 14;
ლელო - 2;
რეფორმების ჯგუფი - 5;
გირჩი - 2;
მოქალაქეები - 1;
ფრაქციის გარეშე - 11;

მომხრე:

ქართული ოცნება [დიმიტრი სამხარაძე] - 1.

არ მონაწილეობდა კენჭისყრაში:

ქართული ოცნება - 60;
ევროპელი სოციალისტები - 2;
გირჩი - 2.
| Print |