მედია
ქართული მედიის განვითარებაზე ახალციხეში დისკუსია გაიმართა

როგორ იცვლებოდა ქართული მედია 90-იანი წლებიდან დღემდე და რამდენად ასრულებდა ის პოლიტიკურ დაკვეთას? რა ბერკეტები აქვს ქართულ მედიას მწირი ფინანსური რესურსების პირობებში იმისთვის, რომ არ გაავრცელოს მითები და არ იქცეს პროპაგანდის იარაღად? რა როლს თამაშობს ინტერნეტ სივრცე დღეს, რამდენად ეხმარება ის ტრადიციულ მედიას? - ამ საკითხებზე ახალციხეში დისკუსია გაიმართა.

ინფორმაცია ადგილობრივებს რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტმა ნიკო ნერგაძემ და ჟურნალ „ინდიგოს“ რედაქტორმა ნინო ლომაძემ გააცნეს.

პროექტს მწერალთა სახლი კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც იმართება საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.

პროექტის მიზანია კრიტიკული დიალოგის წამოწყება საქართველოს რეგიონებში იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას. უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით.

პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
| Print |