მედია
როდესაც საქმე ეხება უმცირესობებს, საინფორმაციო ვაკუუმი მეტია - სამოქალაქო და მედია სექტორი დეზინფორმაციის შესახებ

სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების ჩართულობით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სამი მხარის წარმომადგენლებმა მათსავე რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ტრენინგები ახალგაზრდებში, ინფორმაციის მიწოდება დასავლური ღირებულებების შესახებ და თვითმმართველობის საკითხებში თემის აქტიური ჩართულობა - ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩეხური ორგანიზაცია NESEHNUTI -ის პროექტის ფარგლებში სამივე ორგანიზაციამ იმუშავა.

,,ძირითადი პრობლემა ჩვენს რეგიონში ის გახლავთ, რომ სხვადასხვა არხებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ევროკავშირის, ზოგადად დასავლეთისა თუ სხვა მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მედიის, სამოქალაქო სექტორის, თვითმმართველობების ერთობლივი მუშაობა, რომ დეზინფორმაციას და პროპაგანდას ეფექტურად ვებრძოლოთ. გარდა ამისა, პროლემაა ასევე  თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობა. მოქალაქეებმა არ იციან რატომ არის საჭირო იგივე საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მათგან წამოსული ინიციატივა და ა.შ. ამ კუთხით განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ჩვენ მომზადებული მასალებით, შეხვედრებით, ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი ინფორმაციის გარჩევა, იყვნენ ინფორმირებული აქტიური მოქალაქეები" - აცხადებს მედია ცენტრ ,,კახეთი - MCK"-ის ჟურნალისტი მაკა ხაზიური.

მედიის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით კომპატურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, როდესაც საქმე ეხება უმცირესობებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ რეგიონებში საინფორმაციო ვაკუუმი მეტია" - ამბობს რაშან ზიადალიევი, რომელიც სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელია ქვემო ქართლში.

,,დონორზე მორგებული პროექტები, რის გამოც მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხშირად უწევთ ერთი საკითხიდან მეორე საკითხზე გადართვა, ამიტომ სტაბილურად და ინტენსიურად მუშაობა უჭირთ. ამიტომ, არამდგრადია ორგანიზაციები და მათი მუშაობაც შედარებით ისეთი ეფექტიანი არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პროექტების განხორცილება" - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირის დირექტორი რუსუდან გვარამაძე.

გამართულ ვებინარზე სამივე რეგიონის სამოქალაქო და მედია სექტორის წარმომადგენლებმა ისეთ პრობლემებზე იმსჯელეს, როგორიც არის საზოგადოების ნაკლები ჩართულობა თვითმმართველობის საკითხებში, დეზინფორაციისა და პროპაგანდის გამომწვევი მიზეზები და შედეგები და საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების როლი არსებული გამოწვევების გადაჭრის საკითხებში.
| Print |