მედია
არა რუსულ კანონს - ახალციხეში აქცია მიმდინარეობს
რუსულ კანონს დღეს, 15 აპრილს, ახალციხეშიც აპროტესტებენ. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორმა ბექა მესხმა მოქალაქეებს შოთა რუსთაველის ძეგლთან 19:00 საათზე შეკრიბისკენ მოუწოდა.

"ვაპროტესტებთ რუსულ კანონს! ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენ მიდის!", – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ბექა მესხი tv9news.ge-სთან ამბობს, რომ დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო ე.წ. აგენტების კანონის განხილვა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

დღევანდელი სხდომის გაშუქების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეუზღუდა ონლაინმედიის წარმომადგენლებს.

პარლამენტის შენობის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები აპროტესტებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. რუსეთში 2012 წელს მიღებული და წლების განმავლობაში დამძიმებული ანალოგიური კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დევნის საფუძველი გახდა.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.
| Print |