მედია
პარლამენტთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი გამოიყვანეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული სავარაუდოდ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "რუსებო".

პარლამენტთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ჩიტაძისა და ჭიჭინაძეების ქუჩებზე ჩამდგარი რობოკოპებს გზა აქვთ გადაკეტილი.

შსს-ს საკანონმდებლო ორგანოსთან სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს - განცხადებას ამის შესახებ გომელაურის უწყება ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წრეს დაარტყამენ, პარალელურად ვრცელდება კადრები, რომ ჩიტაძის ქუჩიდან ხელკეტებით შეიარაღებული გდდ-ის თანამშრომლები გამოიყვანეს. შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანაც.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.
| Print |