მედია
სპორტსმენები რუსულ კანონს აპროტესტებენ
,,მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის"
- ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
,,საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის! - წერს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
,,არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე.
საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ. ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, -
წერს ის.
,,არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს" - წერს შოთა არველაძე რუსულ კანონზე.
ეროვნული ნაკრების პირველი მორაგბე ზაალ ლეჟავაც უერთდება ფეხბურთელთა პათოსს..

,,გამარჯობა ყველას. მე ზაალ ზაზა ლეჟავა ვარ და მინდა გვერდში დავუდგე ყველას, ვინც რუსთაველზე დგას. რატომ ჩავთვალე საჭიროდ ეს მეთქვა - ჩვენ, რაგბისტებს, ყოველთვის ჩვენი სიტყვა გვეთქმოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და სულ ავანგარდში ვიყავით ეროვნული გათავისუთლების ბრძოლაში და მერე ეროვნული სპორტის ჩამოყალიბებაში და არ მინდა ჭკუის სწავლების მაგვარი გამომივიდეს, მაგრამ აშკარად ჩანს, ეს "ოცნება" რა და ვინ არიან და ნუ დაუდგებით გვერდით მაგათ.
ჩემი პირადი თხოვნაა, რაგბს არ ეკადრება ეგ. იფიქრეთ მაგაზე. ამხელა ფორიაქი და ძალადობა ერთი კანონის გამო ატეხეს. საშიში და გარყვნილი ფულით და ძალაუფლების ჯინით ხალხია, რათ უნდა ამას ეხლა გამადიდებელი შუშა და გაეცალეთ ამ "ოცნებას", ამდენი ხალხის ნაშრომს, ნაწვალებს და ნაომარს ნუ წაშლით, ნუ იკადრებთ. საქართველო ევროპაა"
- წერს ეროვნული ნაკრების პირველი მორაგბე ზაალ ლეჟავა რუსულ კანონზე.

სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც: ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა კანკავამ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი აბურჯანიამ, გიორგი მიქაუტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა.
| Print |