NGO-ები, რომლებიც „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ აღსრულებაზე უარს ამბობენ: არის ფინანსური სანქციები - გივი მიქანაძე
„თუ ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან კანონის აღსრულებას, მაშინ არის ფინანსური სანქციები, რომელიც გაწერილია ამ კანონის მეცხრე მუხლში“, - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე, NGO-ების ერთი ნაწილის განცხადებას, რომ არ აპირებენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ დაემორჩილონ.
როგორც გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს რა თანხები შემოდის, ვისგან და რა მიზნით იხარჯება. მისი თქმით სწორედ, ამას ემსახურება „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“.
„დღეს საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. ეს კვლევის ანგარიში არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს. ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ის ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციის საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროსთან, გუნდთან, თუ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც რიგი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღება დაუშვებელია და ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას.
შემდგომში ამ ორგანიზაციების ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში არ აპირებდნენ კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას, რადგან ეს კანონი მათთვის მიუღებელია. გადავწყვიტეთ შეგესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების რეალური ინფორმაცია, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად გამჭვირვალე არიან ისინი.
7 კომპონენტი ავიღეთ შესასწავლად - აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი, მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, ან მისი ლოგო, პროექტები, რომელიც განხორციელებულია და მიმდინარეა, მისი სახელწოდება არის თუ არა წარმოდგენილი საჯაროდ, რამდენია გრანტის ოდენობა თითოეულ პროექტზე მიღებული, რა პერიოდულობის არის ეს პროექტი და გრანტი, აქვთ თუ არა გამოქვეყნებული წლიური ანგარიში და ვინ ახორციელებს კონკრეტულ პროექტებს, ვინ არიან გუნდის წევრები.
ამის მიხედვით გვინდა წარმოგიდგინოთ შედეგები:
474 ორგანიზაციიდან 51 პროცენტს არ გააჩნია ვებ-გვერდი;
დონორების შესახებ ინფორმაცია 62 პროცენტს არ აქვს მითითებული;
პროექტების დასახელება მითითებული არ აქვს 68 პროცენტს;
გრანტების ოდენობა 89 პროცენტს არ აქვს მითითებული;
გრანტის ვადა ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული;
წლიური ანგარიში 97 პროცენტს არ აქვს მითითებული;
ინფორმაცია გუნდის შესახებ არ აქვს მითითებული 70 პროცენტს.
ვხედავთ, რომ თუნდაც ამ საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე კვირაში ეს კანონი ამოქმედდება და ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, რეალურად არ არიან გამჭვირვალეები“-აღნიშნა გივი მიქანაძემ.