კვება უფასო სასადილოებში
თბილისში 40 446 ადამიანი უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს 2 მილიონი ლარით გაიზარდა, სასადილოში საკვებს ყველა მსურველი მაინც ვერ იღებს. დედაქალაქის მასშტაბით 4 992 ადამიანი სათადარიგო სიაშია რეგისტრირებული და დღიური ულუფის მისაღებად თავის რიგს ელოდება.

უფასო სასადილოებში საკვების მიღება სოციალურად დაუცველ პირებს დღეში ერთხელ შეუძლიათ. ისიც მხოლოდ მათ, ვინც ძირითად ან დამატებით სიაშია რეგისტრირებული. დამატებით სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ძირითადი სიის ბენეფიციარების დაკმაყოფილების შემდეგ საკვები დარჩება. ხოლო სათადარიგო სიებში რეგისტრირებულები ამ უფლებით არ სარგებლობენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 1.30 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის სასადილოს კომუნალური გადასახადები, იჯარა, თანამშრომლების ხელფასი და სხვა ხარჯები. შესაბამისად, უშუალოდ კვებისთვის უფრო ნაკლები რჩება. მათი ნაწილი, ვინც უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობს, ამბობს, რომ ხშირად შეთავაზებული საკვებიდან მხოლოდ პურს მიირთმევს. ამის მიზეზად ბენეფიციარები სასადილოს საკვების დაბალ ხარისხსა და მცირე რაოდენობას ასახელებენ. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ხშირად სასადილოდან მოტანილ საკვებს ინგრედიენტები თავად უნდა დაუმატონ, რათა კერძს გემო და კალორიულობა ჰქონდეს. ბენეფიციარების თქმით, მათ, უმეტესად, ეს დამატებითი პროდუქტები არ აქვთ.


ნათია


ნათია ბაბუნაშვილი 2 შვილთან ერთად კოჯორში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ის სოციალურად დაუცველია და მისი შემოსავალი 400 ლარია. ამ თანხიდან 200 ლარი სოციალური დახმარებაა, ხოლო 200 ლარი - შვილების ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის თანხა. ნათიას უკვე მეცხრე წელია, რაც საკვები კოჯრის უფასო სასადილოდან მოაქვს და მენიუს კარგად იცნობს. თუმცა, ამბობს, რომ მისი შვილები უმეტესად პურის გარდა ვერაფერს ჭამენ. ნათიას არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება საკვების ხარისხთან დაკავშირებით, როგორც სასადილოში, ისე გამგეობაში. თუმცა, ერთადერთი შედეგი, რასაც მიაღწია არის ის, რომ გამგეობამ პურის დღიური ნორმა გაუზარდა. ახლა ერთი პურისა და ნახევრის ნაცვლად 3 პურს იღებს.

ნათია ამბობს, რომ სოციალური დახმარებიდან მიღებული თანხით საკვებს მხოლოდ 10 დღისთვის აკეთებს. დანარჩენი 20 დღე კი იძულებულია უფასო სასადილოს მიმართოს.

თბილისში დღეს 63 სასადილოა. დედაქალაქის გარდა უფასო სასადილოები რეგიონებშიც ფუნქციონირებს. ზოგიერთ შემთხვევაში დღიური მენიუ და თითოეული ბენეფიციარისთვის განკუთვნილი თანხა განსხვავებულია.

სასადილოების დღიური მენიუ ერთი მთავარი და ერთი დამატებითი კერძისგან შედგება. მთავარი კერძი როგორც წესი წვნიანია. მენიუში ასევე შეხვდებით ხილს ან ხილის კომპოტს. უფასო სასადილოს დღიური საკვების კალორიულობა 1090-დან 1200-მდე მერყეობს. ხოლო ცილებთან და ცხიმებთან შედარებით ნახშირწყლები ჭარბობს. მაგალითად, ორშაბათი დღის სადილი 1090 კალორიას შეიცავს. საკვებში ყველაზე დიდი წილი - 186.73 გრამი - ნახშირწყლებზე მოდის. ხოლო ყველაზე ნაკლები - 25.15 გრამი - ცხიმებზე. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი წერს, რომ ზრდასრული მამაკაცის საშუალო დღიური ნორმა 2500 კალორიაა, ხოლო ქალისთვის - 2000. სასადილოს ბენეფიციარების დღიური ნორმა ამ ციფრზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი ასევე წერს, რომ ნახშირწყლები საკვების მთლიანი პორციის მესამედს უნდა შეადგენდეს. უფასო სასადილოს დღიურ მენიუში კი ნახშირწყლები ყველაზე მეტია.

ნათია ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მენიუ დაბალი ხარისხის საკვებისგან შედგება. “მაწვნის სუპი წყალწყალაა, ხორცს ხორცის გემო არ აქვს.” ნათია თითოეული დღის მენიუს შესახებ გვიყვება.


რას ამბობს კომპანია?


ნათია ბაბუნაშვილი მთაწმინდის რაიონის უფასო სასადილოს ბენეფიციარია. ამ რაიონის სასადილოებს საკვებით შპს “ნილი” ამარაგებს. სულ ამ კომპანიამ მიმდინარე წელს სამი რაიონის გამგეობასთან გააფორმა ხელშეკრულება - მთაწმინდის, ჩუღურეთისა და ისნის. შპს “ნილი” პასუხიმგებელია, რომ სასადილოები საკვებით 2020 წლის დასაწყისამდე მოამარაგოს, რისთვისაც ის ჯამში 5 მილიონამდე ლარს აიღებს.

შპს "ნილში" აცხადებენ, რომ საკვების დაბალ ხარისხთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კომპანიაში არც პურში სხვადასხვა "უცხო სხეულების" აღმოჩენის შესახებ იციან რაიმე. "ვერ იქნება ცუდი ხარისხის პური... იგივე პურია, რაც შეგვაქვს ბაგა-ბაღებში" - ამბობს შპს "ნილის" ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი გიორგაძე.

2019 წლის იანვარში შპს "ნილი" ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდა.


ნონა


ნონას 3 შვილი ჰყავს და ნათია ბაბუნაშვილის მსგავსად ისიც სოციალურად დაუცველია. ნონა უფასო სასადილოს ბენეფიციართა სიაში 3 წლის წინ ჩაეწერა. თუმცა, ამბობს, რომ უკვე წლებია სასადილოდან მხოლოდ პური მოაქვს, რადგან სხვა საკვებს ვერც თვითონ და ვერც მისი შვილები ვერ ჭამენ.

ნონა ამბობს, რომ სასადილო მისი სახლიდან შორს მდებარეობს. “კილომეტრები უნდა გაიარო წყალწყალა საჭმლისთვის, რომელიც სახლში მოტანის შემდეგ თავიდან უნდა გააკეთო”. ნონას თქმით, მას ურჩევნია, რომ დაბალი ხარისხის სადილის ნაცვლად ფულადი დახმარება მიიღოს და მისი ოჯახისთვის სასურველი საკვები თავად შეიძინოს.

ნონას თხოვნით მისი სახელი და ხმა შეცვლილია.

თბილისის მერიის უფასო სასადილოებით მომსახურების 2019 წლის ბიუჯეტი 18 511 800 ლარს უდრის. ჯერ-ჯერობით უცნობია მიმდინარე წელს ყველა ის ადამიანი შეძლებს თუ არა საკვების მიღებას ვინც უკვე დიდი ხანია თავის რიგს ელოდება. ნათია და ნონა კი ამბობენ, რომ თუ საკვების ხარისხი არ გაუმჯობესდება ისინი სასადილოს ისევ მხოლოდ პურისთვის მიმართავენ.

ნინო აბდალაძე; მარიამ უგრეხელიძე; ფოტო: გურამ აბდალაძე; რედაქტორი: ელენე ასათიანი
| Print |