თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები

 

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბათინკებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს და ამისთვის დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს.

2017 წლის 17 აგვისტოს სამინისტრომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 505 084 ლარი იყო.

ტენდერში კომპანია შპს “ნოვატორი” დაბალი ფასით იმარჯვებდა, მაგრამ სამინისტრომ ეს ტენდერი შეწყვიტა და ხელშეკრულება პირდაპირი მიყიდვის წესით თურქულ კომპანია “იაკუპოღლუ”-სთან გააფორმა. რატომ შეწყვიტა თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი და რატომ გააფორმა ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის გზით - თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვადებზე საუბრობს.

შპს “ნოვატორის” მიერ შეთავაზებული თანხა 2 824 800 ლარი იყო, ანუ “ნოვატორის” ფასი ერთ წყვილ ბათინკზე $25 დოლარი გამოდიოდა. ამის მაგივრად სამინისტრომ 22 000 წყვილი ბათინკი უფრო ძვირად შეიძინა – წყვილი $43 დოლარად. გამოდის რომ პირდაპირი მიყიდვის წესით თავდაცვის სამინისტრომ ერთი წყვილი ბათინკი $18 -ით ძვირად შეისყიდა, ვიდრე მას უწევდა გადახდა იმ შემთხვევაში თუ ბათინკებს შპს “ნოვატორი” მიაწვდიდა.

სამინისტრო რომ მაღალყელიან ფეხსაცმელს ძვირად ყიდულობს ამას კიდევ ერთი დოკუმენტი ადასტურებს. დოკუმენტიდან ჩანს რომ იმავე ბათინკებს “იაკუპოღლუ” იმავე პერიოდში ერთ ქართულ კომპანიას დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე, $35,5 ანუ დოლარ ნახევრად იაფად აძლევდა, ვიდრე სამინისტროს მისცა.



ამასთან ერთად, თუ ჩავხედავთ 2016 წლის ტენდერს, ვნახავთ რომ სამინისტრომ შუამავალი კომპანია “მატერიის” მეშვეობით, იგივე ბათინკები წყვილი უფრო იაფად $37 იყიდა, ვიდრე თავად მწარმოებლისგან $43 შეიძინა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით ამის მიზეზი ბაზარზე ფასის ცვლილებაა.

სამინისტროს მიერ მაღალყელიანი ფეხსაცმელების ძვირად შესყიდვის ფაქტზე საუბრობს ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც ამავე ტენდერში მონაწილეობდა. “ნასა ჯორჯიამ” თავდაცვის სამინისტროს ეს ტენდერი სასამართლოში გაასაჩივრა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს რომ “ნასა ჯორჯია” სამინისტროს მაღალყელიან ფეხსაცმელებს იმაზე უკეთეს ფასად სთავაზობდა, ვიდრე თავდაცვის სამინისტომ ამ ბათინკების შესყიდვისას დახარჯა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მე-13 ბრძანების მე-4 მუხლის მიხედვით თუ ტენდერის სტატუსი შემდეგი იქნება: „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“, „არ შედგა“ ან „შეწყვეტილია“ მოქმედებს შემდეგი წესი – არ შეიძლება შესყიდვის ობიექტის უფრო ძვირად და უფრო დაბალი ხარისხით შესყიდვა.

თავდაცვის სამინისტრომ მაღალყელიანი ფეხსაცმელები უფრო ძვირადაც შეისყიდა და როგორც სპეციალისტები აცხადებენ ხარისხშიც დათმო. თუ უწყებას თავდაპირველად გამოცხადებული ელექტორნული ტენდერის მიხედვით სარჩულიანი ბათინკების შესყიდვა უნდოდა, ბოლოს “იაკუპოღლუსგან” უსარჩულო და ერთშრიანი ძირის ბათინკი შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ თურქული ბათინკებს სამინისტრო ყველა ჯარისკაცისთვის ყიდულობს, მათ შორის მათთვისაც ვინც სამშვიდობო მისიებში მიდის. სამხედროსთვის მნიშვნელოვანია თუ რა ძირის ბათინკი აცვია მას სამშვიდობო მისიაში. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დადგენილ სტანდარტში უდაბნოს ბათინკის შესახებ მითითებულია, რომ ბათინკზე უნდა გამოიყენებოდეს ორშრიანი პოლიურეთანის და რეზინის მასალით ფორმირებული ძირი.

ამ მოთხოვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული თურქული ბათინკი ვერ აკმაყოფილებს. გენერალური შტაბის J4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამსახური, რომელიც ბათინკების სპეციფიკაციას შეიმუშავებს.

თავდაცვის სამინისტროს ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც ის თურქულ ბათინკებს ყიდულობს, სამხედროების გამოკითხვაა. ჯარისკაცებმა ჩინური და თურქული ბათინკების შედარებისას არჩევანი თურქულზე გააკეთეს, თუმცა საგულისხმოა რომ მათ არასდროს ჰქონიათ შესაძლებლობა არჩევანი სხვა ქვეყნის ბრენდზე გაეკეთებინათ.

ლევან ჯანგირაშვილმა ქართულ სამხედრო ძალებში 14 წელი იმსახურა. ამჟამად ის ქვეყნის გარეთ მსახურობს. მისი თქმით, ცხელ რეგიონში რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა და სიმძიმის გადატანა A პუნქტიდან B პუნტში სამხედროებისთვის რთულია. ის და მასთან ერთად მომსახურე ქართველი ჯარისკაცები მისიებში წასვლის დროს ფორმას და ბათინკებს საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ, რადგან თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული ბათინკებისა და ფორმის ხარისხი მათ არ აკმაყოფილებდათ.

მაღალყელიან ფეხსაცმელზე შესყიდვა თავდაცვის სამინისტროს ახლაც გამოცხადებული აქვს. ბათინკების პარამეტრები უცვლელია – უწყება იმავე ხარისხის ბათინკებს ითხოვს. ელექტრონული ტენდერი უკვე მეექვსე თვეა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

| Print |