ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის
საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება. მაშინ როცა, მაგალითად სლოვენიაში იმავე რაოდენობისთის 772 სოციალური მუშაკია გათვალისწინებული. კადრების სიმცირე ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომელთა მოგვარებასაც სოციალური მუშაკები უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

ახალი საქმეების დიდი რაოდენობა, შრომითი უფლებები, ინფრასტრუქტურული პრობლემები, ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისების არარსებობა ან სიმცირე - ამ და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით სოციალური მუშაკები 2019 წლის 25 მარტს გაიფიცნენ. ბენეფიციარების დროული დახმარების მიზნით ისინი ერთკვირიანი გაფიცვის შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და არ გაჩერდებიან მანამ, სანამ სამინისტრო მათ ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. 

სოციალური მუშაკები დღეს 26 მიმართულებით მუშაობენ. მათი თქმით ისინი ხშირად ვერ აკმაყოფილებენ ბენეფიციართა საჭიროებებს, შესაბამისი მომსახურებების, სამუშაო ინსტუმენტების, მოდელებისა და მეთოდოლოგიის არ არსებობის გამო. სოციალური მუშაკებისთვის დაკისრებული სამუშაო არის ძალიან დიდი მოცულობის, რაც ნეგატიურად აისახება ბენეფიციარების კეთილდღეობაზე.

რა შეიცვალა გაფიცვის შედეგად:

  • სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების მიზნით თბილისის და რეგიონების სერვის-ცენტრებთან მობილიზებულია მანქანები. თუმცა ეს მანქანები განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ გეგმიურ ვიზიტებზე სოციალური მუშაკები კვლავ საკუთარი ხარჯებით დადიან.

  • სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უკვე იღებენ ელექტრონულ ხელმოწერას და სოციალურ მუშაკებს ადგილზე მისვლა აღარ სჭირდებათ.

  • სოციალურ მუშაკებს აღარ დაევალებათ ისეთი ტექნიკური საქმის კეთება, როგორიცაა მაგალითად ვაუჩერების ბეჭდვა.

  • თბილისში დაემატა 1 ფსიქოლოგი.

  • სოციალური მომსახურების ცენტრებს დაემატა 12 იურისტი.

  • იგეგმება ახალი კადრების მიღება.

  • იგეგმება სერვის-ცენტრების ინფრასტრუქტურის განახლება.

თუმცა სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მიცემულ პირობებს არღვევს. ისინი განმარტავენ, რომ გადაუდებელი/სწრაფი რეაგირების მანქანები 2 კვირის შემდეგ ცენტრებთან აღარ იდგა. “მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ამის შესახებ მედიაში განვაცხადეთ” - ამბობენ სოციალური მუშაკები.

სოციალურმა მუშაკებმა ახლახანს პროფესიული კავშირი “სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” დაარსეს და სისტემური ცვლილებებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. თეა მაღრაძე ამ კავშირის გამგეობის ერთ-ერთი წევრია. ის 10 წელია, რაც სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობს. ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან უყვარს და განიცდის, რომ გასაჭირში მყოფი ადამიანებს ყოველთვის ვერ ეხმარება. ხუთი წლის განმავლობაში თეა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრში მუშაობდა. მაშინ დღეში დაახლოებით 56 ახალი განცხადება მისდიოდა. საქმეების რაოდენობა თვეში 100-ზე ნაკლები არასდროს ჰქონია.

“გლდანში 5 წლის განმავლობაში ღამის 11 საათზე ადრე არ გამოვსულვარ. 5 ოპერაცია გავიკეთე. საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებელია ასეთ დიდ რაიონებში 6 საათზე დაასრულო და წახვიდე, ისე რომ რაღაც არ გამოგრჩეს. თუ გინდა რომ რაღაც არ გამოგრჩეს, მაშინ სამსახურში ცხოვრობ. ეს ძალიან რთულია.

მაგალითად, მე რას ვერ ვაკეთებ. წლობით ველოდებით, რომ მოხუცი ადამიანი ჩავრიცხოთ თავშესაფარში. წლები გადის და შეიძლება, როცა ადგილი გამოჩნდება, ის ადამიანი ვეღარ ვიპოვნო, თუ თვითონ არ მომძებნა. მანდ უკვე ვხვდები, რომ მე ვერ ვუკეთებ რაღაცას ამ ადამიანს, სისტემა ვერ ეხმარება. ყველას ვერ ვეხმარებით, ეს დახმარება არ არის.


ხანდახან მგონია, რომ მთელი საქართველოს გაჭირვებული ადამიანების ტვირთი ზურგზე მაქვს. დავიღალეთ და ამ ტვირთს ვეღარ ვზიდავთ. უნდა აიღონ პასუხიმგებლობა მთავრობაშიც და შესაბამის უწყებაშიც.”

თეა ამბობს, რომ ათი წლის განმავლობაში ათასობით საქმეზე უმუშავია, მაგრამ ერთი შემთხვევით განსაკუთრებით ამაყობს.

სირთულეების მიუხედავად თეა სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობას დღესაც აგრძელებს. თუმცა არ აგრძელებს ათობით სოციალური მუშაკი. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 3 წელიწადში 46-მა სოციალურმა მუშაკმა დატოვა პოზიცია. აქედან 44-მა - პირადი განცხადების საფუძველზე. თავად სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამსახურის დატოვების მიზეზი ხშირად არასაკმარისი ანაზღაურება, რთული პირობები და დიდი მოცულობის სამუშაოა.

ქეთი ხუციშვილი ისანი-სამგორის რაიონის სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკის პოზიციაზე 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, უკვე 2 წელია, ეს სამსახური დატოვა. ამბობს, რომ მუშაობის პერიოდში მოტივაცია დაკარგა, რადგან სისტემის ხარვეზების გამო ბენეფიციარებს სრულფასოვნად ვერ ეხმარებოდა.

“ძალიან მინდოდა ამ პოზიციაზე მუშაობა, რამდენჯერმე გავედი კონკურსზე. მოტივირებული ვიყავი, ვითხოვდი, რომ საინტერესო საქმეები დაეწერათ ჩემთვის. წარმოიდგინეთ, შენ შეგიძლია შეცვალო იმ ბავშვების ცხოვრება და მომავალი, რომლებიც სახელმწიფომ და ოჯახმა მიატოვა. და მერე ხვდები, რომ უბრალოდ თავის მოტყუებაა ეს ყველაფერი. კი რა თქმა უნდა არიან გადარჩენილი ბავშვებიც, მაგრამ 100-დან 20. მაგრამ არის დანარჩენი 80, რომელსაც ვერავინ ვერ დაეხმარა. და აი ამ დანარჩენი 80-ის დარდი ძალიან რთულია. ძალიან რთულად მოგყვება. ის რომ სისტემა უსამართლოა, ეს შენ პასუხისმგებლობას არ გარიდებს, იმიტომ, რომ შენც ამ ყველაფრის ნაწილი იყავი.

ყველაფერი დაიწყო თვითკრიტიკით. “ვერ ვაკეთებ საქმეს, არ შემიძლია.” ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ ისეთი პასუხისმგებლობები და მოვალეობები გაქვს, რომ შეუძლებელია ეს გააკეთო ერთმა ადამიანმა არსებული რესურსებით. ძალიან დემორალიზებულად ვგძნობდი თავს. ის რომ არავინ არ გარდაცვლილა, არ ნიშნავს, რომ საქმეები არ ფუჭდება. ფუჭდება ყოველდღიურად. შემთხვევითობაა, რომ სისტემას მეტი მსხვერპლი არ ჰყავთ. არანაირი დამცავი მექანიზმი არ აქვს სახელმწიფოს.

ყველა მოქალაქეს ეხება ეს საკითხი. ყველას ვინც ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომ იზრუნოს სოციალური მუშაკების დაცვაზე და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ სოციალურ მუშაკებს. “

ჩვენთან საუბრისას ქეთი იმ შემთხვევას იხსენებს, რომელმაც მასზე დიდი გავლენა იქონია. ორი თვის შემდეგ კი სოციალური მუშაკის პოზიცია დატოვა.

ქეთი ხუციშვილი სისტემაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად თითოეული სოციალური მუშაკისთვის დაკისრებული საქმეების დიდ რაოდენობას ასახელებს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება. მაშინ როცა მაგალითად სლოვენიაში ეს ციფრი 772-ს უდრის, ხოლო ევროკავშირში - 1882-ს. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეკომენდაციით, სოციალური მუშაკების დატვირთვა უნდა განისაზღვროს თვეში 20 საქმის წარმოებით. ხოლო სოციალური მუშაობის შესახებ კანონში წერია, რომ სოციალურ მუშაკებს თვეში 50 საქმეზე ზეტი არ უნდა ჰქონდეთ.

სოციალური მუშაკების მოთხოვნებთან დაკავშირებით კითხვებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ. მათ განმარტეს, რომ დამატებითი ცვლილებები სამომავლოდაც იგეგმება. თუმცა კითხვაზე რას აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, გვიპასუხეს: “სოციალური მუშაკების მიერ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული სამუშაო გაზრდის მათ მიმართ მოსახლეობის ნდობის ხარისხს და შესაბამისად ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციას.” ამ საკითხზე კონკრეტული ნაბიჯების შესახებ სააგენტომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

თეა მაღრაძე და ქეთი ხუციშვილი კი ამბობენ, რომ ისინი სისტემური ცვლილებებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ და შეეცდებიან ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემო შექმნან.


ავტორები: ნინო აბდალაძე; მარიამ უგრეხელიძე; რედაქტორი: ელენე ასათიანი

| Print |