პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ახალი შედეგების მომტანი იქნება ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებასაც დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

31 მაისს იგი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, ღია ცის ქვეშ, ნინოწმინდის პარკში შეხვდება.

წინასწარი ინფორმაციით, ჯავახეთში, სომხეთის პრემიერ–მინისტრი ფოკის, სათხისა და განძის მცხოვრებლებს შეხვდება.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

გარდა ამისა, საქართველო წარმოადგენს პოპულარულ ადგილს სომეხი ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ასევე სატრანსპორტო დერეფანს ტვირთებისთვის, რომელიც სახმელეთო გზით სომხეთიდან რუსეთში შედის.
Print