პოლიტიკა
საქართველო – სომხეთის პრემიერების შეხვედრა
უსაფრთხოების შენარჩუნება რეგიონში, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ახალი ნაბიჯები ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გზაზე

— ეს საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებისა და დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე თბილისში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთის დელეგაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც შეხვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის მერე ფაშინიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართეს პირისპირ შეხვედრა, შემდეგ კი — გაფართოებულ ფორმატში.

„ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენ ქალაქში, თბილისში მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცავ ორ მეგობრულ ერს გამორჩეულ თარიღს — დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს", — განაცხადა კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ტრადიციები აერთიანებთ, რაც დღეს პარტნიორულ თანამშრომლობაში გამოიხატება.

ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

„საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენ ძვირფას სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა… კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემ მზადყოფნას მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობების მეთაურებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა.

გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღდგეს ქართულ-სომხური სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა და უკვე დანიშნეს პირველი შეხვედრის თარიღი.

„ორ ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, ხალხთაშორისი კავშირები, რომლებიც შემდგომში უფრო უნდა განვითარდეს და გაღრმავდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით ინტენსიური ნაბიჯების გადადგმაზე", — განაცხადა სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა.


Print