პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ვითარების განსამუხტად 3 საკითხს განიხილავს
გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ, -

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაბიჯით საზოგადოების მოთხოვნას პასუხი გაეცემა.  გიორგი კვირიკაშვილმა სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

1. „მინდა დაღუპულის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ რა ხარისხითაც მოინდომებენ გამოძიებაში ჩართვას, ისინი ჩაერთვებიან. პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში საზოგადოების კითხვებზე დავდებთ პასუხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2. ,,შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან, პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან.  ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს და ვიცე პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული, გავაკონტროლებ არ პროცესს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

3. ,,იუსტიციის მინისტრს დავალება მივეცი, ახალი პროკურორი მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს. მთავარმა პროკურორმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი უნდა დავიწყოთ. დავალება მივეცი, მაქსიმალური ლეგიტიმაციით შეირჩეს პროკურორი, რომ არც ერთი მისხალი ეჭვი ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


Print