პოლიტიკა
დეპუტატს, განცხადების საჯაროდ უარყოფას, აღსრულების ბიურო დაავალდებულებს
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.
პარლამენტის წევრს "მე–9 არხის" ეთერით, საკრებულოს ყოფილი წევრის მიმართ გამოთქმული ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების საჯაროდ უარყოფა, 2018 წლის 17 იანვარს დაევალა. ოთხი თვის მანძილზე განჩინების შეუსრულებლობის გამო, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთო.
უწყებას ჯიმშერ გოგლაურმა 12 ივნისს მიმართა. სააღსრულებო ფურცელი ახალციხის რაიონული საამართლოდან, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა.
აღნიშნული დავა ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო და ახალციხის ყოფილი მერისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. კოპაძეს გოგოლაურისთვის სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდაც მოუწევს.
ჯიმშერ გოგოლაური არ გამორიცხავს, რომ გიორგი კოპაძეს იგივე საქმეზე მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლოს. ის ამბობს, რომ ქალაქის ყოფილი მერის განცხადებამ, მას პოლიტიკური კარიერის შექმნაში ხელი შეუშალა.
საქმე ეხება 2015 წლის 10 დეკემბერს, მე–9 არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დიალოგიში" გაკეთებულ განცხადებას, სადაც ქალაქის მერმა საკრებულოს დეპუტატს ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
გადაცემის შემდეგ, გოგოლაურმა კოპაძეს უჩივლა. საქმე ყველა ინსტანციამ განიხილა და საკრებულოს ყოფილი წევრის სარჩელი დააკმაყოფილა. საქმის დასრულებას ორწელიწადნახევარი დასჭირდა.
გიორგი კოპაძემ დღეს "მე–9 არხის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

Print