პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საჯარო განცხადებები გაკეთდა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მან მიმართულებით გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა - მცურავი სავალუტო კურსის გამო, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
კვირიკაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს.
ჯერ კიდევ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ყველა ლიდერი უარყოფდა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა. დღეს დილით კი პარლამენტის წევრების ნაწილმა მას მოუწოდა, თანამდებობა დაეტოვებინა.
Print