პოლიტიკა
სამინისტროების რაოდენობა 14–დან 11–მდე შემცირდება – მამუკა ბახტაძე
"სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14–დან 11–მდე შემცირდება",
– ამ განცხადებით დაიწყო ბრიფინგი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში.
"ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის რაც ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ. მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ამოსავალი წერტილი არის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული და მოქნილი მთავრობა. ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას",- განაცხადა ბახტაძემ.
ბრიფინგამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.
მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში არსებული შემადგენლობით იქნება წარდგენილი. მას შემდეგ, რაც მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, მას შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები მოჰყვება.
Print