პოლიტიკა
ოპოზიცია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს 17 ივლისს დაასახელებს
ახალი საქართველოს ოფისში, ცხრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გაერთიანდა და სამშაბათს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს,

რომელიც მმართველი ძალის მიერ დასახელებულ კანდიდატს კონკურენციას გაუწევს.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების აზრით, საერთო კანდიდატს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იგი მისაღები იქნება საზოგადოებისთვის.

ცნობილია, რომ ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია მხარს არ დაუჭერს გიორგი მარგველაშვილს, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ასევე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დასახელდება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მასთან შეთავაზება იყო, თუმცა თავად არ სურს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა.

ვაშაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია და ხელისუფლება მოსახლეობას აღარ უსმენს. ვაშაძე შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გაერთიანებაში ხედავს.

არსებული ინფორმაციით კი, ცხრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ აარჩევს.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.

პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციას ესწრებოდნენ „ახალი საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალი მემარჯვენეების“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსის“ და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
Print