პოლიტიკა
გიორგი კოპაძე ,,მეცხრე არხში" ბოდიშის მოსახდელად მხარდამჭერებთან ერთად მივიდა
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე ,,მეცხრე არხში" სასამართლოს მიერ დაკისრებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად 20–მდე

მხარდამჭერთან ერთად მივიდა. სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, 26 ივლისს, თოქ–შოუ ,,დიალოგში" ზუსტად იმავე გადაცემაში მოხდა, სადაც ორი წლის წინ გიორგი კოპაძემ ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება გააკეთა.

გიორგი კოპაძემ აღნიშნა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და იმის მიუხედავად, რომ არ ეთანხმება სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, მის აღსასრულებლად ტელევიზიაში მაინც მივიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიმშერ გოგოლაური ტელეკომპანია "მეცხრე არხში" იმყოფებოდა, იგი საეთერო სტუდიაში არ შესულა. ახალციხე – ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსვლის შემდეგ, ჯიმშერ გოგოლაურმა განაცხადა, რომ კვლავ მიმართავს აღმასრულებელს, რადგან აცხადებს, რომ კანონმდებელმა ,,გადაწყვეტილება არ აღასრულა და მხოლოდ ზოგადი ტექსტი ჩაიკითხა".

პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო. ახალციხის ტელეკომპანია "მე–9 არხის" გადაცემა "დიალოგში", პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, გიორგი კოპაძემ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს, პატიმრების უფლებებს არღვევდა. ცილისწამებისთვის გოგოლაურმა კოპაძეს უჩივლა და მას სამივე ინსტანცია მოუგო.

მიუხედავად ამისა, გიორგი კოპაძე ცილისწამების უარყოფას არ აპირებდა ამიტომ, გოგოლაურმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

Print