პოლიტიკა
მინდია და ზურაბ შაინიძეები ,,ოცნების" მომხრეებს ცემაში სდებენ ბრალს
ზურაბ შაინიძე მმართველი პარტიის ადიგენის წარმომადგენლობას ზეწოლასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს.

საკრებულოს წევრი პარტია ,,ევროპული საქართველოდან" აცხადებს, რომ 28 ივლისს, შუამთობის დღესასწაულზე, ბავშვებს შორის დაწყებული კამათი, უფროსების დაპირისპირებაში გადაიზარდა.

,,ბნელოდა უკვე, მანქანას ველოდებოდით, რომ მოგვიახლოვდნენ ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულნი, ხელკეტებს ლურსმნები ჰქონდა და თითოს 8-10 კაცი გვრტყამდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ჩვენი მხრიდან ნაცემია 8 ადამიანი ისე, რომ სამედიცინო ჩარევა და ჩემ შვილს კი ოპერაცია დაჭირდა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ზოგთან ნათელ-მირონობაც მაკავშირებს, მაგრამ 2016 წლის არჩევნების მერე, ,,ოცნების" მხარდამჭერები პერიოდულად მიმართავენ ასეთ ნაბიჯებს. იმედია დაუსჯელები არ დარჩებიან ამჯერად" - აცხადებს ზურაბ შაინიძე.



მისივეგანმარტებით, შვილს - მინდია შაინიძეს ორი ოპერაციადაჭირდა.

მომხდარს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს ,,ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი ადიგენში. სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ ,,არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ,,ქართულმა ოცნებამ" ჩვეულ მეთოდებს მიმართა".

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე განმარტავს, რომ ,,შემთხვევას შუამთობის დღესასწაულთან და მითუმეტეს მმართველ პარტიასთან კავშირი არ აქვს".

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ დროისათვის შაინიძე და სხვა დაზარალებულები პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფებიან.

,,მეცხრე არხი" აგრძელებს მუშაობას და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print