პოლიტიკა
ეკა ტატალაშვილმა, საკრებულოში, გელა დემეტრაძე ჩაანაცვლა
ახალციხის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, უფლებამონაცვლე წევრის უფლებამოსილება ცნეს.

,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გელა დემეტრაძე ეკა ტატალაშვილმა ჩაანაცვლა. სხდომას ახალი დეპუტატი არ ესწრებოდა.

7 სექტემბერს, ახალციხის საკრებულომ რიგით მე–15 სხდომა გამართა.

საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის განმარტებით, პარტია „ევროპული საქართველო“ ფრაქციის ხელახლა შექმნაზე საკრებულოს განცხადებით 17 სექტემბერს მიმართავს.

ეკა ტატალაშვილი 2000–2017 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.



ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გელა დემეტრაძეს ვადამდე ადრე უფლებამოსილება 15აპრილს, ახალციხე–აბასთუმნის გზაზე მომხდარი ავარიის გამო შეუწყვიტა, რის შედეგად სამი პირი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა.

20 ივლისს გამართული სასამართლო სხდომის შედეგად, გელა დემეტრაძეს ერთი წლით ავტომანქანის მართვა აეკრძალა, სამი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა და 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სხდომის დასასრულს საკრებულომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა წარადგინა.


Print