პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტრო კანაფის წარმოებიდან მისაღებ შესაძლო შემოსავლებს ითვლის
,,ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც ჩავერთვებით მასში. ჩვენ მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ ორ-სამ წელიწადში",

- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია ,,იმედთან" საუბრისას განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა დასძინა, რომ ეს ციფრი სუბიექტურია, რადგან ექსპორტის დათვლა უფრო რთულია ვიდრე "შიდა ციფრების".

ფინანსთა მინისტრის თქმით, ზუსტად ის, რომ კანაფის ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს აქვს შანსი დაიკავოს მოწინავე პოზიციები.

,,კანაფი კი არ გადაარჩენს საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს. პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია, თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ ზუსტად კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებთან ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, რომელიც დაარეგულირებს ლიცენზირებას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შესაბამება".
Print