პოლიტიკა
,,სალომე ზურაბიშვილმა უნდა მოიხსნას კანდიდატურა" – ევროპული საქართველო
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამო საგანგებო ბრიფინგი გამართა ,,ევროპულმა საქართველომ".

პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც მსგავს ძალადობრივ ქმედებებს შეიძლება მოყვეს ქვეყანაში.

გიგი უგულავას თქმით, ცოტა ხნის წინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში იქნებოდა სამოქალაქო ომი.

,,ამ განცხადებაზე არ გვექნებოდა რეაქცია, რომ არა ახალქლაქის ფაქტი. ენძელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ ძმას და ნაირ ირიციანს, რომლებმაც დაარბიეს ადგილობრივი ოფისი. ხელისუფლება აპირებს არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის ფონზე. ის არის ძალადობის ინსპირატორი. ხელისუფლება თუ არეულობით იმუქრება, ასეთ შემთხვევაში სწორი გამოსავალი იქნება დანებდეს სალომე ზურაბიშვილი. მსგავსი ინციდენტები განსაკუთრებით სახიფათოა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონისთვის. მოვითხოვთ სასწრაფოდ რეაგირებას ახალქალაქის ინციდენტზე და ფოფხაძის განცხადებასაც, განაცხადოს ხელისუფლებამ იზიარებს თუ არა ფოფხაძის განცხადებას და ემიჯნება თუ არა ახალქალაქის ინციდენტს“.

გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ,,ჩვენ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გვესმდა რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპულ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. 28 ოქტომბერს გაირკვა, რომ ქართველი ხალხის ნება არის სხვა, ამ ვითარებაში მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე, დასრულდა ხელკეტებით ასლან აბაშიძის სტილში. ეს მეთოდები უქმნის სერიოზულ ხიფათს ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ვერ გადაარჩენს სალომე ზურაბიშვილსა და ,,ქართულ ოცნება“–ს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ქვეყნისთვის. პარლამენტის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადება სამოქალაქო ომზე რას ნიშნავს, რომ მათთვის სასურველი შედეგი თუ არ იქნება, გამოდის რომ მივიღებთ ომს. თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა მაშინ მოვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში მოხსნას კანდიდატურა. გასაგებია რომ ბიულეტენში ისევ ეწერება, მაგრამ თუ არ აქვს ასეთ კონკურენციაში მონაწილეობის უნარი ძალადობის გარეშე მაშინ მან უნდა მოხსნას კანდიდატურა“.
Print