პოლიტიკა
,,შეუწყდეს ენძელ მკოიანს უფლებამოსილება და ჰასმიკ მარანგოზიანი გათავისუფლდეს თანამდებობიდან" – ენმ
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის,

ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატამ მკოიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას.

„ენზელ მკოიანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. პარლამენტში უნდა ჩამოყალიბდეს საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურამ კი მის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. იკვეთება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჰასმიკ მარანგოზიანის დანაშაულებრივი ქმედება და მივმართავთ ცესკოს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეს ადამიანი თანამდებობიდან. ჯანდაცვის მინისტრს მივმართავ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საექიმო საქმიანობის შესწავლა, რადგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები პოლიტიკური ზეწოლის გამო გაწერეს საავადმყოფოდან და დაემუქრა საფრთხე მათ სიცოცხლეს. პირადად მივმართავ შს მინისტრს, რომ ნუ შეეცდება ამ საქმის გაყალბებას. მივყვებით ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტში იკვეთება ახალქალაქის საავადმყოფოს ექიმების ბრალეულობაც.

„ჩვენს წარმომადგენელს მიჰქონდა საარჩევნო საოლქო კომისიაში საჩივარი, რითაც ვითხოვდით კონკრეტული უბნების გაუქმებას. მას დაესხა 20-მდე შეიარაღებული ადამიანი. ამ თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქში ენზელ მკოიანი. თვითონ მან მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მას. ჩვენს წარმომადგენელს სცემდნენ 10-15 წუთის განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში დატოვეს ქუჩაში. ეს დაჯგუფება, რომელსაც დაემატა რამდენიმე ადამიანი, მივარდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან. შტაბის წინ იმყოფებოდა ჩვენი ორი წარმომადგენელი. მათ სასტიკად გაუსწორდნენ ადამიანები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღით. ამ თავდასხმაში მონაწილეობდა მკოიანის ძმა და შვილი. სასტიკად გაუსწორდნენ ასევე ჩვენს წარმომადგენელს აშოტ კარესიანს. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტიგრან აბრაამიანს ყვრიმალი აქვს ჩამსხვრეული. ასევე აქვს მძიმე დაზიანებები სახის არეში და მისი თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. დანარჩენი სამი ადამიანი გაწერეს სახლში, თუმცა მათი მდგომარეობა დამძიმდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დასკვნაში მიუთითეს, რომ აუცილებელი იყო მათი საავადმყოფოში დაბრუნება დამძიმებული მდგომარეობის გამო. საავადმყოფოში გადაყვანისას კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა სამედიცინო პერსონალისგან ადგილი. ისინი შეეცადნენ ახალი ისტორია გაეხსნათ მათთვის თითქოს იმ დღეს, დილით არ იმყოფებოდნენ ეს ადამიანები აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ საავადმყოფოში საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ კერძო რეანომობილები გამოვიძახეთ, სახელმწიფომ კი რეანომობილის გამოყოფაზე უარი გვითხრა“, - განაცხადა ვაშაძემ.
Print