პოლიტიკა
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის ოთხი ვერსია
ახალქალაქში, ინციდენტის დროს დაშავებული რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ექიმის თქმით, ქირურგიულ განყოფილებაში, მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ, 24 საათს გაატარებს. რემიკ პოღოსიანს ჭრილობა თავზე აღენიშნება. 



თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რემიკ პოღოსიანს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სცემეს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ დაზარალებული მათი აქტივისტია და მისი დაშავება პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. ამას ფიქრობს მამაც. თავად დაზარალებულმა კი სამართალდამცველებს ჩვენება მისცა, რომ საკუთარ ეზოში, შეშის ჩეხვისას დაშავდა. 




„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათ აქტივისტს, ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. დაზარალებულის უარყოფის პარალელურად, ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი ნაირ ირიციანი მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ,,ახალგაზრდები რაღაცაზე შელაპარაკდნენ“. მაჟორიტარი დეპუტატი კი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს.




შემთხვევა შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სოფელ ჩანდურაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რემიკ პოღოსიანი ინციდენტამდე ორი დღით ადრე, 4 ნოემბერს რუსთავი 2-ის ეთერში ადგილობრივი მაჟორიტარის ენზელ მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა. გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" სიუჟეტში ის დეპუტატის ბიზნესზე ჰყვებოდა, თუ როგორ დაარეგულირა კარტოფილის ფასი ხელოვნურად, რის გამოც ათასობით ადამანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
Print